კოქტეილი მარგარიტა
მარგარიტა მექსიკური წარმოშობის სასმელია. მისი ძირითადი ინგრედიენტებია ტექილა, ფორთოხლის ლიქიორი და ლიმონის წვენი. დანარჩენი ინგრედიენტები შეიძლება შეიცვალოს ფანტაზიის მოშველიებით. მარგარიტა ჩვენს ოჯახში ხშირად მზადდება და სტუმრის საყოველთაო მოწონებას იმსახურებს.
მასალა 1,5 ლიტრისათვის:
- 200 მლ ყვითელი ტექილა
- 100 მლ ფორთოხლის ლიქიორი Triple Sec
- 50 მლ ლიმონის წვენი
- 50 მლ ლაიმის წვენი
- 4 სკ შაქარი
- დამტვრეული ყინული
- მარილი სურვილისამებრ (ჭიქის კიდის მოსავარაყებლად)
მომზადება:
თუ ჭიქის მარილით მოვარაყებას გადაწყვეტთ, ამ შემთხვევაში ლამბაქზე დაყარეთ მარილი, ჭიქის კიდე დაასველეთ ლიმონის წვენში და მსუბუქად ჩააწეთ მარილში (ჩვენ არ ვაკეთებთ).
მარგარიტას მოსამზადებლად დაგჭირდებათ ძლიერი მიქსერი მინის სქელი კედლებით.
მიქსერის 1/3 ნაწილი შეავსეთ ყინულის ნატეხებით, დაამატეთ ტექილა, ფორთოხლის ლიქიორი, ლიმონის და ლაიმის წვენი.
დაამატეთ ყინული 1,5 ლიტრის შევსებამდე. დაატრიალეთ მიქსერი ყინულის დაქუცმაცებამდე. ჩამოასხით ჭიქებში და ისიამოვნეთ.
მიქსერში დარჩენილი მარგარიტა მაცივარში შედგით, დასხმის წინ ერთხელ კიდევ დაატრიალეთ.
მარგარიტას ძალიან უხდება მარილში მოხალული მზესუმზირა.
მიირთვით გემრიელად!
პ.ს. ჩემს ირგვლივ მარგარიტას მოყვარულების საერთო აზრია, რომ მარგარიტამ “პახმელია” არ იცის!
კიდევ ერთი პ.ს. მარგარიტას შემცველობა შეგიძლიათ თქვენს გემოვნებას მოარგოთ. ჩემს მიერ შემოთავაზებული რეცეპტი ჩემი ოჯახის წევრების და მეგობრების გემოვნების გამოძახილია. მე კი ძალიან მომწონს ზევით აღწერილ მასალაზე დამატებული მარწყვი. გირჩევთ თქვენც გასინჯოთ.