ძროხის ხორცის რულეტი ფარშით
ძროხის ხორცის რულეტი (Rinderroulade), ტრადიციული საკვირაო კერძია გერმანიასა და ავსტრიაში.
გავრცელებულია ამ კერძის სხვადასხვა ვარიანტები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ჰგავს ერთმანეთს. ერთი სახის ძროხის ხორცის რულეტები უკვე გაგაცანით. ამჟერად შემოგთავაზებთ ძროხის ხორცის რულეტს ფარშით, რომელსაც ბეკონის და კიტრის მწნილის გარდა ხორცის ფარში აქვს შიგთავსის სახით. ძალიან გემრიელია, აუცილებლად მოამზადეთ.
მასალა 6 ულუფისათვის:
- 6 დიდი, თხელი ნაჭერი ძროხის ხორცი (დაახლოებით 180-200 გ, 30სმX10სმ)
- 500 გ შერეული (ღორი და ძროხა) ფარში
- 1 კბილი ნიორი
- 1-2 ხახვი
- 200 გ კიტრის მწნილი
- 125 გ დაჭრილი ბეკონი
- 4 სკ მდოგვი (დაახლოებით)
- 2 ჩკ პილპილის მარცვლები (მთლიანი)
- 2 ცალი დაფნის ფოთოლი
- 2 სკ პამიდვრის პასტა
- 100 მლ წითელი ღვინო
- 700 მლ ადუღებული წყალი (დაახლოებით)
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- ცოტაოდენი კარტოფილის ფქვილი
- ზეთი შესაწვავად
მომზადება:
ფარში ნივრით, მარილით და პილპილით შეკმაზეთ, გაყავით 6 ნაწილად.
კიტრები სიგრძეზე ოთხად გაჭერით, ხახვი თხელ სიგრძივ ნაჭრებად დაჭერით.
ძროხის ხორცის ნაჭრები გარეცხეთ და ქაღალდის ხელსახოცით შეაშრეთ. ორივე მხრიდან დაბეგვეთ და ასევე ორივე მხარეზე ხორცს მარილი და პილპილი მოაფრქვიეთ, ერთ მხარეზე მდოგვი წაუსვით, ფარშის ერთი ნაწილი გადაანწილეთ, მოაფრქვიეთ ბეკონის ნაჭრები, ზევიდან კიტრის და ხახვის რამოდენიმე ნაჭერი მოაწყვეთ და გადაახვიეთ რულეტივით.
რულეტი შეკარით კულინარული ძაფით ან დაამაგრეთ მეტალის ჩხირით.
სქელძირიან ქვაბში (ღრმა ტაფაში) ზეთი გააცხელეთ და ძროხის ხორცის რულეტები ყველა მხრიდან ძლიერად შებრაწეთ. შემდეგ ქვაბიდან ამოიღეთ.
შენაწვავ ცხიმში მოშუშეთ პამიდვრის პასტა და კოვზით კარგად აურიეთ. ჩაამატეთ ღვინო, კარგად მოურიეთ, ცხელი წყალიც ჩაასხით, ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი და შეკმაზეთ მარილით და პილპილით, ჩაყარეთ პილპილის მარცვლებიც. ადუღებულ სითხეში ჩააწყვეთ შებრაწული ხორცის რულეტები და თავდახურული, დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 1-1,5 საათი. რულეტებს სითხე ოდნავ უნდა ფარავდეს და ხარშვის პროცესში ნაზად დუღდეს. რამოდენიმეჯერ გადააბრუნეთ.
რულეტები მზად რომ იქნება, ისევ ამოიღეთ სითხიდან, სითხე საცერში გაატარეთ, კარტოფილის ფქვილით ოდნავ შეასქელეთ და ჩააბრუნეთ რულეტები, რომ გათბეს.
ძროხის ხორცის რულეტი ფარშით სუფრასთან ცხელი მიიტანეთ მოხარშული კარტოფილის ბურთულებთან და ჩაშუშულ იისფერ კომბოსტოსთან ერთად ან მოხარშულ კარტოფილთან ერთად.
მიირთვით გემრიელად!