ცეცხლოვანი პუნში

On 15/01/2014 by letusc

ეს რეცეპტი ჩემმა თანამშრომელმა და მეგობარმა პეტერმა გადმომცა. პეტერმა და მისმა მეუღლე ანტიემ ჩვენი სამუშაო ჯგუფი შობის წინა დღეებში ცეცხლოვან პუნშზე დაგვპატიჟა. საბედნიეროდ, ჩვენმა სტუმართმოყვარე მასპინძლებმა ფოტოების გადაღების უფლება მომცეს და რეცეპტითაც “შემაიარაღეს”.
მადლობას ვუხდი ანტიეს და პეტერს შესანიშნავი საღამოსათვის, გულთბილი მიღებისათვის, უგემრიელესი ცეცხლოვანი პუნშისა და ამ რეცეპტისათვის. Smile

Feuerzangenbowle

მაშ ასე, გადავდივართ რეცეპტზე:

ცეცხლოვანი პუნში (Feuerzangenbowle) საშობაო და საახალწლო სასმელია გერმანიაში. მის მოსამზადებლად საჭიროა მშრალი წითელი ღვინო (კარგი ხარისხის), ფორთოხლის წვენი (უმჯობესია ახლად გამოწურული), კომპაქტური შაქარი (Zuckerhut) ან შაქრის ნატეხები, 80%-იანი რომი და სუნელები.
გარდა ამისა, დაგჭირდებათ სპილენძის ან სქელძირიანი ქვაბი, პატარა ზედადგარი, რომელზედაც ქვაბი უნდა დაიდგას, მეტალის ხვრელებიანი ფირფიტა, რაზედაც შაქარს მოათავსებთ. ასევე პატარა ფინჯნები (ჭიქა არა). ქვაბს ცეცხლი (მაგალითად, სანთელი) უნდა შეუნთოთ, რომ სითხის ტემპერატურა შეინარჩუნოთ. ამ მოწყობილობას დადგავთ მაგიდაზე, შემოუსხდებით მეგობრებთან ერთად, მოამზადებთ ამ გემრიელ სასმელს და კარგი განწყობაც გარანტირებულია! Smile
ადვილი და სასიამოვნო მოსამზადებელია. Smile

ჩვენი ცეცხლოვანი პუნშისათვის გამოვიყენეთ:

1, 5 ლ მშრალი წითელი ღვინო
1, 5 ლ ფორთოხლის წვენი
1-2 ჩხირი დარიჩინი
3-4 ცალი მიხაკი, ცოტაოდენი კარდამონი და 1 ანისი
½ კომპაქტური შაქარი – Zuckerhut (250 გრამიანი, ან დაახლოებით 125 გ შაქრის ნატეხები)
150 მლ რომი

მომზადება:

მასალის ჩამონათვალიდან ყველაფერი სპილენძის ან სქელძირიან ქვაბში აურიეთ და შეათბეთ. შემდეგ მაგიდაზე დადგით ზედადგარი,

Feuerzangenbowle

ქვაბი შემოდგით და ცეცხლი შეუნთეთ, რომ სითხის ტემპერატურა შეინარჩუნოთ. ქვაბის ზედაპირზე შემოდეთ დაცხრილული მეტალის ფირფიტა და დადეთ ზედ კომპაქტური შაქარი.

Feuerzangenbowle

3 ლიტრი სითხისათვის დაგჭირდებათ ნახევარი კომპაქტური შაქარი, რას დაახლოებით 125 გ შაქარს ნიშნავს.

Feuerzangenbowle

შაქარს დაასხით რომი და ცეცხლი მოუკიდეთ. მაღალ ტემპერატურაზე შაქარი კარამელიზდება და იწყებს ჩაწვეთებას ღვინის და ფორთოხლის წვენის ნარევში, რაც არაჩვეულებრივ არომატს იძლევა.

Feuerzangenbowle

თუ ცეცხლი ჩაქრება, მეტალის ფირფიტა გამაგრებული კარამელით დაიფარება.

Feuerzangenbowle

ამ შემთხვევაში ცოტა რომი დაასხით და ისევ მოუკიდეთ ცეცლი. პერიოდულად გემო გასინჯეთ ხოლმე. სიტკბო თქვენ თვითონ შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით დააყენოთ.

Feuerzangenbowle
ცეცხლოვანი პუნში ცხელი მიირთვით პატარა ფინჯნებით.

მოამზადეთ ისიამოვნეთ!!! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *