დრეზდენული პური

On 18/02/2013 by letusc

უგემრიელესი საქსონიური ტრადიციული კერძი-დრეზდენული პური პირველად სამი წლის წინ ლაიფციგის საშობაო ბაზრობაზე გავსინჯე. გარდა იმისა, რომ გემრიელია, სასარგებლოცაა-მზადდება სრულმარცვლოვანი ფქვილის საფუარიანი ცომით. ცომში დებენ დაჭრილ, უცხიმო ლორს ჰოლანდიურ ყველთან ერთად და აცხობენ გახურებულ ღუმელში. ამ კერძს, ძირითადად, საშობაო ან სხვა ბაზრობებზე სთავაზობენ. მას შემდეგ ყოველ დეკემბერს ვეწვევი ხოლმე ლაიფციგს და ამ სტუმრობის ერთ-ერთ მოტივაციას დრეზდენული პურიც წარმოადგენს. Smile

შემოგთავაზებთ მისი მომზადების წესს.

Dresdner Handbrot

მასალა:

  • 500 გ სრულმარცვლოვანი ფქვილი (ხორბალი, ჭვავი ან იფქილი)
  • 1 შეკვრა მშრალი საფუარი
  • 1,5 ჩკ მარილი
  • 300 მილილიტრი ნელთბილი წყალი
  • 150 გ ჰოლანდიური ყველი
  • 150 გ უცხიმო ლორი
  • 1 ჩკ მარილი და 1 ფინჯანი წყალი (მარილიანი წყლისათვის)

მომზადება:

ფქვილი (მე იფქილის სრულმარცვლოვანი ფქვილი ვიხმარე, თქვენ შეგიძლიათ სურვილისამებრ სხვა მარცვლოვანით შეცვალოთ), მშრალი საფუარი და მარილი ჯამში გაცერით, შუაში ღრმული გააკეთეთ და წყალი ჩაასხით. ფქვილი ნელ-ნელა შეურიეთ წყალს და მოზილეთ ცომი. ცომს გადააფარეთ კულინარული ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას, ვიდრე არ ამოფუვდება.
ამასობაში დაჭერით ყველი და ლორი პატარა ნაჭრებად, ერთმანეთში აურიეთ და გაყავით 8 ნაწილად.
გაფუებული ცომი ფქვილიანი ხელებით ფქვილიან ფიცარზე გადაიტანეთ და ხის საბრტყელებლით გააბრტყელეთ, მიეცით მართკუთხედის ფორმა და აქედან გამოჭერით 8 პატარა მართკუთხედი. პატარა მართკუთხედის ერთ ბოლოზე დადეთ შიგთავსის ერთი ნაწილი, გადაანაწილეთ მართკუთხედის შუამდე, გადმოაფინეთ მეორე ბოლო და გვერდები თითებით “შეაწებეთ”. ზედაპირი ბასრი დანით დიაგონალურად ჩაჭერით და ფუნჯით მარილიანი წყალი გადაუსვით.

Dresdner Handbrot
საცხობ ფურცელზე დაფინეთ ქაღალდი, დააწყვეთ პატარა პურები და გამოაცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთი.

Dresdner Handbrot
სუფრასთან ცხელი მიიტანეთ. უხდება მწვანე სალათი. გამომცხვარ დრეზდენულ პურებს ზოგჯერ ერთი კოვზი არაჟნით და მწვანე ხახვის რგოლებით რთავენ.

მიირთვით გემრიელად!  Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *