ფინიკის და ნუშის პრალინები
უგემრიელესი ფინიკის და ნუშის პრალინები ძალიან ადვილი მოსამზადებელია და სწრაფადაც მზადდება. გირჩევთ რბილი ფინიკის ნაყოფები შეარჩიოთ, რადგან უფრო ადვილი დასაქუცმაცებელია. თუ ბლენდერი ძლიერი არ არის, ფინიკისა და ნუშის ნარევი ორ ნაწილად გაყავით და ასე გაატარეთ ბლენდერში. ასეთი შიგთავსით შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმის პრალინები მოამზადოთ თქვენი ფანტაზიით. გემო კი ყველას ფანტასტიური ექნება.
მასალა:
- 100 გ ფინიკის ნაყოფი (კურკის გარეშე)
- 50 გ ნუში
- 1 სკ კონიაკი
- 100 გ თეთრი/მუქი შოკოლადი
მომზადება:
შიგთავსი:
ფინიკის ნაყოფები გაჭერით ოთხად, ნუშთან ერთად მოათავსეთ ბლენდერში და დააქუცმაცეთ მაქსიმალურად. დაამატეთ კონიაკი და ხელით კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მრგვალი პრალინები:
შიგთავსის მასიდან მოამზადეთ პატარა ბურთულები და ამოავლეთ დამდნარ შოკოლადში. მომზადების წესი იხილეთ გოზინაყის პრალინების რეცეპტში.
ფინიკის და ნუშის პრალინები გააცივეთ და მოაწვეთეთ დამდნარი შოკოლადი.
გულის (ან სხვა ფორმის) პრალინები:
სილიკონის ფორმას წაუსვით ფუნჯით დამდნარი შოკოლადი და ფორმა მაცივარში შეინახეთ, ვიდრე შოკოლადი არ გამაგრდება. შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან და ფორმის ღრუ ფინიკისა და ნუშის ნარევით ამოავსეთ. ეცადეთ ნარევი კარგად ჩატკეპნოთ. შემდეგ ფუნჯით გადაუსვით დამდნარი შოკოლადი ზევიდან და ისევ მაცივარში გააცივეთ.
შოკოლადი რომ გამაგრდება, პრალინები ფრთხილად გადმოიღეთ ფორმიდან და
გემრიელად მიირთვით!