ფარშის რულეტი ისპანახით და ყველით
მასალა:
- 1 კგ შერეული ფარში (ღორი და ძროხა),
- 2 კვერცხი,
- 1-2 ნაჭერი ხმელი პური,
- 1-2 თავი ხახვი (ზომაზეა დამოკიდებული),
- 1-2 კბილი ნიორი,
- 300 გ ისპანახი (ცოცხალი, ან გაყინული),
- მარილი, პილპილი, ქინძი და ოხრახუში გემოვნებით
მომზადება:
შერეულ (ძროხა, ღორი) გატარებულ ხორცს შეურიეთ კვერცხი, წყალში დამბალი და გაწურული ხმელი პური, გატარებული ხახვი, გაჭყლეტილი ნიორი, მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში და კარგად აურიეთ. ხორცის მასა თხლად გადაანაწილეთ სამზარეულოს ცელოფანზე და მიეცით მართკუთხედის ფორმა. ზევიდან მოაწყვეთ წინასწარ ცოტა წახარშული ისპანახის ფოთლები (შეგიძლიათ გაყინულიც გამოიყენოთ, ამ შემთხვევაში წინასწარ გაადნეთ და გაწურეთ), სულგუნი, ან მოცარელას ფირფიტები, შეკმაზეთ მარილით და პილპილით, მოაფრქვიეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, გაჭყლეტილი ნიორი გემოვნებით. შემდეგ სამზარეულოს ცელოფანის საშუალებით გადაახვიეთ რულეტის სახით, ამოავლეთ ორცხობილას საფანელში და გადაიტანეთ (ფრთხილად!) ყალიბში. ირგვლივ შემოუწყვეთ წინასწარ მარილით და პილპილით შეკმაზული, მსხვილად დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო, ან სხვა ბოსტნეული. შედგით წინასწარ დაახლოებით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. მზადყოფნა შეამოწმეთ დანის წვერის ჩარჭობით. მომზადებამდე ცოტა ხნით ადრე ბოსტნეულს დაამატეთ დაჭრილი პამიდორიც. სუფრაზე მიიტანეთ ცხლად. ძალიან უხდება პამიდვრის სოუსი.
მიირთვით გემრიელად!